ზღულაძემ და ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართეს
12.10.12 20:20
შს მინისტრის კანდიდატისა და მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პირველი საუბარი, ორივე მხარის სურვილით, არა უწყების შენობაში, არამედ ნეიტრალურ ადგილას - სასტუმრო "მარიოტში" გაიმართა.
შეხვედრაზე სამინისტროსთან დაკავშირებული ყველა ძირითადი საკითხი განიხილეს. საუბრი შეეხო სამინისტროს სტრუქტურას და ბიუჯეტს. ეკა ზღულაძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალურად განიხილეს უწყების ყველა დეპარტამენტის საქმიანობა და უწყებაში გატარებული რეფორმები.
"უმნიშვნელოვანესზე ვთანხმდებით, რომ ამ სამინისტროს როლი არის ძალიან დიდი სახელმწიფოს წინაშე და ეს პასუხისმგებლობა ამ სამინისტროზე მუდმივად დარჩება. პირველ რიგში, აქ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. ასე რომ, სამინისტრო განაგრძობს მუშაობას, იმავე პოლიტიკის გატარებას, რაც აქამდე ჰქონდა ამ მიმართულებით. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ ახალ მინისტრსაც აბსოლუტურად იგივე ხედვა აქვს და ისიც გააგრძელებს რიგით მოქალაქეებზე, საზოგადოებრივ წესრიგზე ზრუნვას და უსაფრთხოების იმ მაღალი ხარისხის შენარჩუნებას, რომელიც ამ ქვეყანაში მოვიპოვეთ.
"რაღაც ტიპის რეორგანიზაციებ ბუნებრივიც იქნება, თუმცა მე ძალიან ვამაყობ იმ სისტემით, რომელიც შევქმენით; მე ძალიან ვამაყობ შსს-თი, თოთოეული ჩემი თანამშრომლით და ახალი მინისტრიც აფასებს ბევრ რამეს, რაც გაკეთდა და ასევე ძალიან პოზიტიურად აფასებს ბევრ იმ წარმატებას, სტრუქტურულსაც და კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებითაც, რომლებიც სამინისტრომ კონკრეტული შედეგების სახით დადო.
"არ დავუშვებთ ქვეყანაში სიტუაციის არევას, იმიტომ, რომ ძალიან გულწრფელად გეტყვით - ახალი მინისტრის წარმატება რეალურად იქნება ჩემი წარმატება. ანუ მე თუ შევძლებ, რომ მას დავუტოვო ქმედითი სამინისტრო და ის თუ შეძლებს, რომ ეს ქმედითი სამინისტრო კიდევ უფრო ეფექტური გახადოს, ეს არის ის, რაც ქვეყანას უნდა," - განაცხადა ზღულაძემ.
"ძალიან კონსტრუქციული, ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო და ძალიან ნაყოფიერი. კარგი შთაბეჭდილება დატოვა ამ შეხვედრამ. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მოხდება გადაბარების პროცესი სამინისტროში, ყოველგვარი დაძაბულობის, ყოველგვარი ექსცესების გარეშე," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|