10 თვის ბავშვის მკვლელობის გამოძიება გრძელდება
13.10.12 20:45
შსს-ოს გურჯაანის სამმართველოში 10 თვის ბარბარე რაფალიანის მკვლელობასთან დაკავშირებით დაკითხვები გრძელდება. გამოძიებას ჩვენებას მოწმის სტატუსით მეზობლები აძლევენ.
დაკითხვა პოლიციაში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. საგამოძიებო ჯგუფის წევრები კახეთში თბილისიდან ჩავიდნენ.
წუხელ ხელახლა ჩვენების მისაცემად პოლიციის სამმართველოში რაფალიანების ოჯახის წევრები იყვნენ დაბარებულნი. დაკითხვის შემდეგ გარდაცვლილი ბავშვის დედამ შენობა უკომენტაროდ დატოვა.
ადვოკატები პროკურატურისაგან იმის გარკვევას ითხოვენ, თუ ვინ დაკითხა ბავშვის დედა - თათია მექერიშვილი.
30 სექტემბერს სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანი ქვევრში იპოვეს გარდაცვლილი. ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ პატარა ოთახში დატოვეს დაძინებული და თვითონ სავახშმოდ იყვნენ გასულები.
საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული. ძიების პროცესი შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს პირად კონტროლზე აქვს აყვანილი.
|