განმეორებით არჩევნებში `ქართული ოცნების` კანდიდატებმა გაიმარჯვეს
15.10.12 10:00
განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. გორის, ხაშურისა და სიღნაღის ოლქებში `ქართული ოცნების` მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. განმეორებითი არჩევნები გუშინ ამ სამი ოლქის სულ 11 უბანზე ჩატარდა.
გორის საარჩევნო ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე `ქართული ოცნების` მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა. მალხაზ ვახტანგაშვილს ხმა მისცა 397-მა, ხოლო `ნაციონალური მოძრაობის` კანდიდატ გიორგი ტატიშვილს მხოლოდ 32-მა ამომრჩეველმა. არჩევნები აქ მშვიდად მიმდინარეობდა და დარღვევა არ გამოვლენილა.
ხმათა უმრავლესობით - 93,6 პროცენტით გაიმარჯვა ასევე ვალერი გელაშვილმა ხაშურის 9 უბანზე. რაც შეეხება `ნაციონალური მოძრაობის` მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სერგო ქიტიაშვილს, მას უბნებზე მისული ამომრჩევლების მხოლოდ 112 ხმა ერგო, რაც დახლოებით 3,9 პროცენტია. მიუხედავად იმისა, რომ მან კანდიდატურა მოხსნა, დროის სიმცირის გამო ვერ მოხერხდა ბიულეტენიდან მისი გვარის ამღება.
`ქართული ოცნების` კანდიდატმა გაიარჯვა სიღნაღშიც. მე-5 საარჩევნო უბანზე კოალიციის წევრმა გელა გელაშვილმა ხმათა 85,97%, ხოლო `ნაციონალური მოძრაობის`კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა კი - 14,03% მიიღო. საუბნო კომისიამ 10 ბიულეტენი ბათილად ცნო. კოალიციის წევრებმა გამარჯვება ფეიერვერკით აღნიშნეს.
|