ევროკავშირი საქართველოს შესახებ
16.10.12 10:35
ევროკავშირი მზად არის შეინარჩუნოს იგივე პოლიტიკა საქართველოსთან ასოცირებულ შეთანხმებასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებში. ამის შესახებ ნათქვამია უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის დასკვნაში, რომელიც ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გავრცელდა.
ევროკავშირი ასევე მიესალმება ჩატარებულ არჩევნებს და მოუწოდებს ქვეყანაში არსებულ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს ერთმანეთთან თანამშრომლობისკენ. ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოში ეფექტური საპარლამენტო ოპოზიციის არსებობის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საქართველოს შესახებ კეტრინ ეშტონმა სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა.
`მივესალმებით საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგს. ეს არის ქვეყნის ისტორიაში ძალაუფლების პირველი მშვიდობიანი გადაცემა. ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც მე უკვე ვესაუბრე, მოუწევს იმუშაოს პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ხალხის კეთილდღეობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის, რომ ეს პერიოდი იყოს მშვიდი და კარგად ორგანიზებული. ევროკავშირი მხარს უჭერს ქვეყნის პოლიტიკურ თანამშრომლობას და ეკონომიკურ ინტეგრაციას. ასევე მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში. მე გამოვაცხადე, რომ შტეფან ფულე და ჰელგა შმიდტი ამ კვირაში საქართველოში ჩავლენ, სადაც ჩემი დავალებით დისკუსიებს გამართავენ,`- განაცხადა ეშტონმა.
|