ბიძინა ივანიშვილმა კაბინეტის სრული შემადგენლობა წარადგინა
16.10.12 11:28
კოალიცია `ქართული ოცნების`ლიდერმა და მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იმ სამინისტროების ხელმძღვანელობის კანდიდატები წარადგინა, რომელიც დღემდე ვაკანტური იყო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის მინისტრობის კანდიდატად დავით ნარმანია დასახელდა. ამ პოსტზე წარდგენილი იყო კახა კალაძე, თუმცა იგი ამჯერად ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატია.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დროებით შენარჩუნდება, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს რეფორმირებასთან ერთად შეიცვლება სტრუქტურა და მისი ხელმძღვანელებიც.
კახა კალაძე დარჩება ვიცე-პრემიერის პოზიციაზე.
დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე იქნება, რომელიც ამბროლაურის რაიონში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყო წარდგენილი. შევარდნაძის ხელისუფლების დროს კი ის რეგიონის გუბერნატორი იყო
რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილმა ამ თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილს დღემდე `ქართუ ბანკის`გენერალური დირექტორი იყო.
გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატად ხათუნა გოგოლაძე დასახელდა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატად კი კოალიციის ლიდერმა ნოდარ ხადური წარადგინა. ხადურის შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეებში მედიაშიც ფიგურირებდა. პირველი პრეზენტაციისას ნოდარ ხადური ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია. კოალიციის ლიდერის განცხადებით, მას კონსულტაციები ჰქონდა მსოფლიოში ცნობილ ქართველ მეცნიერთან გია დვალთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ შეიქმნება განათლების რეფორმირების სპეციალური კომისია და ის უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. სწორედ ამ კომისიაში იმუშავებს გია დვალი.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ივანიშვილმა დავით სერგიენკო წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას წარდგენილმა კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ ამ პოზიციაზე უარი განაცხადა, ის რჩება პრემიერ-მინისტრის მრჩევლად და უშუალო მონაწილეობას მიიღებს ჯანდაცვის სფეროს რეფორმირებასა და განვითარებაში.
დანარჩენი მინისტრების ვინაობა კი გასულ კვირას უკვე ცნობილი იყო. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იქნება, შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ლევან ყიფიანი, სასჯელაღსრულების მინისტრი - სოზარ სუბარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნოდარ ჯავახიშვილი, გენერალური პროკურორი - არჩილ კბილაშვილი, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი - რევაზ შავიშვილი.
|