ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერა ხელი. ინფორმაცია პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გაავრცელა.
მისი თქმით, ბრძანებულება ამოქმედდება ბიძინა ივანიშვილისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე.
დღესვე მანანა მანჯგალაძემ მედიას პრეზიდენტის საკადრო გადაწყვეტილებები გააცნო. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე რეგიონში გუბერნატორი დანიშნა. ზურაბ ჭიაბერაშვილი - კახეთის რეგიონში იქნება პრეზიდენტის რწმუნებული, ვახტანგ ბალავაძე - იმერეთში, გიორგი ჭელიძე - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში და ზაზა გოროზია - სამეგრელო-ზემო სვანეთში.
სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია.
ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.
რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.