მინისტრობის კანდიდატები გეგმებზე საუბრობენ
17.10.12 11:51
მინისტრობის ის კანდიდატები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ დაასახელა, სამინისტროებში შექმნილ ვითარებას დღეს გაეცნობიან. ისინი უკვე საუბრობენ მათ პრიორიტეტებსა და გეგმებზეც.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ნოდარ ხადურის განცხადებით, მოსახლეობა ზამთარში შეღავათიანი კომუნალური ტარიფებით ისარგებლებს. 2013 წლის ბიუჯეტი კი ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის მიხედვით შეიცვლება.
როგორც დავით სერგიენკომ - ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, მისი მთავარი პრიორიტეტი, ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევასთან ერთად, სამუშაოს მაძიებელთა დასაქმება იქნება.
დავით ნარმანია, რომელიც ყველაზე ხანმოკლე დროით იქნება მინისტრი ახალ მთავრობაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროში მასობრივ შემცირებებს არ გეგმავს.
უკვე ცნობილია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღარ იარსებეს. მისი გაუქმების შემდეგ კი ნარმანია ფინანსთა მინისტრის მოადგილედ გადაინაცვლებს.
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის მთავარი ამოცანა საქართველოში თავისუფალი ბაზრის შექმნა იქნება.
გარემოს დაცვის მინისტრად წარდგენილი ხათუნა გოგოლაძე კი მოსახლეობას ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჰპირდება.
|