`იმედის` საინფორმაციო სამსახური მუშაობას წყვეტს
17.10.12 18:16
ტელე და რადიო ”იმედის” საინფორმაციო სამსახურები მუშაობას წყვეტენ. ტელეკომპანიის ეთერში 17:00 საათზე ბოლო სპეციალური საინფორმაციო გამოშვება გავიდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ახალმა მენეჯმენტმა მიიღო.
"ქრონიკა" პირდაპირი ეთერის რეჟიმს უახლოეს პერიოდში, ტელეკომპანიის გადაბარების პროცესის დასრულებისთანავე დაუბრუნდება.
"იმედის" გადაბარების პროცესი დღეს დაიწყო. ტელეკომპანიაში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები მივიდნენ. ტელეკომპანიის დამაარსებლის ქვრივმა და დებმა ამ თემაზე დღეს ერთსაათიანი მოლაპარაკება გამართეს გიორგი არველაძესთან.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პროცესი რამდენიმე დღეს გაგრძელდება. კომპანიის ახალი მფლობელები საკადრო და საეთერო ცვლილებებზეც საუბრობენ.
"ჩვენთვის ჟურნალისტური ეთიკის საკითხი არ არის მხოლოდ სიტყვები და შეეცდებით, რომ ვიყოთ ძალიან ობიექტურები, კეთილი განწყობით, მაგრამ ძალიან სერიოზულები. ჩვენთვის ემოციურად ძალიან რთულია დღევანდელი დღე, იმიტომ, რომ ვგრძნობთ, რომ პასუხისმგებლობაა ჩვენს ოჯახზე ახლა და, რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ," - განაცხადა ბადრი პატარკაციშვილის მეუღლემ ინა გუდავაძემ.
|