ჯეიმს აპატურაი ვაშაძესა და ბოკერიას შეხვდა
18.10.12 19:04
ნატოს წარმომადგენელმა კავკასიაში ჯეიმს აპატურაიმ და საგარეო საქმეთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს პირისპირ მოლაპარაკება გამართეს.
"მინდა მივულოცო ყველა ქართველს, მოქმედ და ახალ მთავრობას. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ საქართველო ნორმალური ქვეყანა ხდება, სადაც მთავრობა საარჩევნო ყუთის მეშვეობით იცვლება; სადაც მთავრობის გადაბარების პროცესი თავაზიანი გზით, ურთიერთპატივისცემისა და კანონის დაცვით ხდება. ეს არის ქართველი ხალხისა და იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც ამ ცვლილებებზე არიან პასუხისმგებლები და რა თქმა უნდა, ეს არის ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგი და ამით ყველა უნდა ამაყობდეს. რაც შეეხება ნატოს, ჩემი მესიჯი ნათელია - ნატო რჩება ერთგული საქართველოს მიმართ, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომ თქვენი ქვეყანა გახდება ნატოს წევრი. მოვისმინე ახლად არჩეული მთავრობის განცხადებები, რომლებიც ხალხის ნებას ასახავს. რა თქმა უნდა, ასევე ერთგული ვრჩებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ეს ხდება არა მარტო რიტორიკულად, არამედ პრაქტიკულადაც. ჩვენ გვაქვს აქ ოფისი, რომელიც ისევ ბევრს იმუშავებს, როგორც ამ დღემდე აკეთებდა არსებულ და მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით. ახლად არჩეულმა მთავრობამ ხაზი გაუსვა რეფორმების მნიშვნელობას და ვიქნებით აქ, რომ დავეხმაროთ თქვენს ქვეყანას და მთელ რეგიონს - გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ნატოსთან უფრო მეტად დააახლოვებს," - განაცხადა აპატურაიმ შეხვედრის შემდეგ.
პირველი ოფიციალური შეხვედრა კი ჯეიმს აპატურაიმ გიგა ბოკერიასთან გამართა. ალიანისის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა.
"ჩვენ მოხარული ვართ, რომ შედგა ჯეიმს აპატურაის ვიზიტი საქართველოში. ყველამ იცის, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო მოხსენიებული, როგორც საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განვითარების ერთ-ერთი ტესტი და აქედან გამომდინარე, როგორც ერთ-ერთი ტესტი ნატოში გაწევრიანებისკენ. ახლა, როდესაც ეს ტესტი ჩავლილია და ყველა შეფასებით, ჩავლილია წარმატებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდეს დისკუსია საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის თაობაზე, განახლდეს სწრაფად და ამიტომ ეს ვიზიტი იყო ძალიან დროული,"- განაცხადა ბოკერიამ შეხვედრის შემდეგ.
|