ივანიშვილმა და აპატურაიმ ნატო-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს
18.10.12 19:42
ჯეიმს აპატურაი დღეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. "ქართული ოცნების" ლიდერის ბიზნესცენტრში გამართული შეხვედრის მთავარი თემა ნატო-საქართველოს შორის არსებული და სამომავლო ურთიერთობა იყო.
ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ის დადებითად შეაფასა.
შეხვედრაზე მთავარი თემა იყო ასევე ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა. ივანიშვილის თქმით, ქართველები დარჩებიან ავღანეთში, ვიდრე საჭირო იქნება.
შეხვედრაზე საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნებიც განიხილეს.
"მათ უფრო პრინციპული, უფრო პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგან იმისათვის, რომ საქართველოს რეალური გაწევრიანება ნატოში უახლოეს მომავალში მოხერხდეს. მე დავარწმუნე, რომ ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოყალიბდეს, რაც აუცილებელია ნატოს წევრი ქვეყნებისათვის და აუცილებელი მოთხოვნაა. გავაგრძელებთ მონაწილეობას და ვამაყობთ, რომ ვართ ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად მონაწილე ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პარალელურად მოვახერხოთ და ჩვენს დიდ მეზობელ რუსეთთანაც დავალაგოთ ურთიერთობები და მოვახერხოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც, თუმცაღა ეს პროცესები, როგორც არის დაფიქსირებული ადრინდელ მემორანდუმებში, ცალ-ცალკე განიხილება," - განაცხადა ივანიშვილმა.
"ნატოს სახელით, პირადად მინდა მივულოცო, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბატონ ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება და ის, თუ როგორ ჩატარდა ეს არჩევნები და როგორ მიმდინარეობს მთავრობის გადაბარების პროცესი. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. მან გაიმეორა, რომ საქართველო ნატოს ალიანსში გაერთიანების და ავღანეთის მისიაში მონაწილეობის ერთგული რჩება. ასევე ვისაუბრეთ, რომ ნატოც ერთგული რჩება საქართველოს მიმართ. საქართველოს მომავალი ნატოშია. ასევე მადლობა გადავუხადე თქვენი ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილისთვის აისაფის მისიაში და სამძიმარიც გამოვუცხადე ახლახან დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გამო. ალიანსი ერთგული რჩება აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თქვენი ქვეყანა ნატოს მჭიდრო პარტნიორია და მიისწრაფის წევრობისკენ. ამიტომ ჩვენ ამ ქვეყნის ერთგულები ვრჩებით," - განაცხადა აპატურაიმ.
|