არასამთავრობო ორგანიზაციები ივანიშვილს მიმართავენ
19.10.12 20:44
მიმართვა, რომელსაც ყველაზე ცნობილი 9 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, დღეს გავრცელდა. უფლებათა დამცველები ბიძინა ივანიშვილს ლტოლვილთა მინისტრის თანამდებობაზე დავით დარახველიძის დანიშვნის გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ.
"არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ისევე, როგორც აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას.
"აღნიშნული გამონათქვამები ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს და ევროინტეგრაციის კურსს, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
"ყოველივე ამის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გადახედოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის დასახელებულ კანდიდატურას და უფრო მეტი სიფრთხილე და პრინციპულობა გამოიჩინოს სხვადასხვა თანამდებობაზე დასანიშნი საჯარო მოხელეების შერჩევისას", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
"ქართული ოცნების" გუნდის წევრის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მისი მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემდეგ გადაწყვიტეს. მიმართვაზე ხელმომწერების თქმით, საზოგადოებიათვის მიუღებელია მთავრობის წევრი, რომელიც, მათი განმარტებით, არაეთიკური გამონათქვამებით გამოირჩეოდა.
განცხადებები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვაშია ნახსენები, დავით დარახველიძემ წინასაარჩევნო კამპანიის დროს რაჭაში გააკეთა. დარახველიძე ამბროლაურში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.
უფლებათა დამცველების მიერ გავრცელებულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა თავად დევნილთა მინისტრობის კანდიდატი. დავით დარახველიძე ამბობს, რომ ვიდეო, რომელიც წინასაარჩევნოდ გავრცელდა, დამონტაჟებულია, მისი აზრი კი დამახინჯებული. თუმცა ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრი თავისი სიტყვებისათვის საზოგადოებას ბოდიშს მაინც უხდის.
არასამთავრობოები, რასისტული განცხადების გარდა, დავით დარახველიძეს მასმედიასთან აგრესიული ტონით ურთიერთობისთვისაც აკრიტიკებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვას ჯერჯერობით ადრესატი არ გამოხმაურებია. უცნობია, გადახედავს თუ არა ბიძინა ივანიშვილი თავის გადაწყვეტილებას დავით დარახველიძის დევნილთა მინისტრად დანიშვნის შესახებ.
|