ახალი პარლამენტი ხვალ პირველ სხდომას გამართავს
20.10.12 20:56
პარლამენტის სხდომისათვის მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მე-8 მოწვევის პარლამენტი მუშაობას 21 ოქტომბერს 13:00 სთ-ზე დაიწყებს.
ქუთაისში პარლამენტის ახლად აშენებულ შენობაში სარემონტო და მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.
პირველ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანო საორგანიზაციო თემებზე იმსჯელებს. განიხილება დეპუტატებისთვის უფლებამოსილების მინიჭების საკითხი. ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომას უხუცესი წევრი გახსნის.
სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებს, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეებს აირჩევენ.
მერვე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას მოწვეული სტუმრები დაესწრებიან, სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ასევე სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს, ელჩებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ელიან.
სხდომაზე სტუმრის სტატუსით იქნება მიწვეული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილიც.
|