ხიდაშელი საგამოძიებო კომისიის ფუნქციებზე განმარტებას აკეთებს
22.10.12 14:21
ჯერ უცნობია, შეისწავლის თუ არა დიმიტრი შაშკინის საკითხს პარლამენტის საგამოძიებო კომისია. მისი ხელმძღვანელი, თინა ხიდაშელი კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს და აცხადებს, რომ კომისია გამოიკვლევს ყველა საქმეს, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში კითხვები არსებობს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები კი ამბობენ, რომ საქმეების იმ ფორმით გამოძიება, როგორც ამას კომისია გეგმავს, ძალოვანი სტრუქტურების პრეროგატივაა და არა პარლამენტის.
`კომისია არც ერთი ადამიანის საქმის შესწავლას არ აპირებს, ჩვენ შევისწავლით დანაშაულებს, რომელიც ჩადენილი იყო საქართველოში რვა წლის განმავლობაში. დანაშაულები თვითონ გამოკვეთს პასუხისმგებელ პირებს, ამიტომ არც ერთი გვარი და სახელი არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში, რათა ადამიანებს დაუბრუნდეთ კანონის და სასამართლოს რწმენა და იმედი. ეს არის მთავარი ამოცანა,`- განმარტავს ხიდაშელი.
|