კახა კალაძის განცხადება
22.10.12 15:12
კახა კალაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ის მისი კუთვნილი კომპანიის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება. განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც საზოგადოების ნაწილმა ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის ინტერესთა კონფლიქტის შესაძლებლობაზე განაცხადა - კალაძე ერთ-ერთი ენერგეტიკული კომპანიის აქციების მფლობელია. განცხადებაში, რომელსაც კახი კალაძე ავრცელებს, ნათქვამია:
`საქჰიდრომშენის` აქციათა 45 პროცენტი ეკუთვნის ჰოლდინგს `კალა კაპიტალი`, რომლის მფლობელიც მე გახლავართ. `საქჰიდრომშენი` სხვა პროექტებთან ერთად ახორციელებს ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებულ პროექტებსაც.
ამდენად, `საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ` საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ჩემი თანამდებობაზე გამწესებიდან 10 დღის ვადაში `კალა კაპიტალი` დაიწყებს `საქჰიდრომშენში` კუთვნილი აქციების გასხვისების პროცედურას.
რაც შეეხება ჩემს სხვა ბიზნეს-საქმიანობას, რომელიც არ უკავშირდება ენერგეტიკულ სექტორს, მიღებულ იქნება კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილებები.
აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა და მომავალშიც დაეფუძნება კანონის პატივისცემას,`- ნათქვამია განცხადებაში.
|