ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა
24.10.12 20:53
უმცირესობასთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უმრავლესობის წევრებს შეხვდა. ის ნახევარ საათს გაგრძელდა.
უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილთან შეკითხვები არ ჰქონია. მათი თქმით, სამთავრობო პროგრამა ის პროგრამაა, რომლითაც საპარლამენტო არჩევნებზე წინასაარჩევნო კამპანია აწარმოეს.
შეკითხვაზე, როგორი იქნება პრემირ-მინისტრის რეაქცია იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ან პარლამენტის რომელიმე წევრი ხალხის ფულს მოიპარავს, ან თავის მდგომარეობას თავისი ბიზნესის წასახალისებლად გამოიყენებს, ივანიშვილმა უპასუხა:
"თუ ვინმეს კიდევ აქვს რამის ილუზია, არავითარი შანსი არ ექნება. ისიც კი ვთქვი, რომ თუ ვინმეს პირადი ოჯახური პრობლემები ექნება, ჯობს მოხვიდეთ და მე სხვა გზებით დაგეხმარებით - ჩემი პირადით, ან სხვა. დაეხმარეთ ერთმანეთს, მაგრამ არავინ გაბედოს და არც იფიქროს ამ წესით ცხოვრება".
ივანიშვილმა იმაზე სილაპარაკა, რომ უმრავლესობის პოლიტიკური პოზიციის შემუშავება არასაჯარო რეჟიმში, კამერების გარეშე უნდა მოხდეს.
"თუ ვინმეს გაუჩნდება ის გრძნობა, რომ გუნდში ვიღაც პირი, ან რაღაც ჯგუფი სარგებლობს რაღაც პრივილეგიებით და აზრის გამოთქმის საშუალება არ აქვთ და დახურულ მდგომარეობაში ვერ ახერხებენ თავიანთი აზრის გამოთქმას, ასეთ შემთხვევაში საჯაროობის საჭიროება შექიმნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო ნაყოფიერი იქნება მუშაობა კამერების გარეშე," - განაცხადა მან.
|