ერიკ რუბინი საპარლამენტო არჩევნების შესახებ
26.10.12 10:46
ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არჩევნების შემდეგ - ამ თემაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ერიკ რუბინის განცხადებებს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდი აქვეყნებს. მისი განცხადებით, `გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა მოხდა, აღმოიფხვრა კორუფცია, ჩატარდა პოლიციის რეფორმა და ქართველებს აქვთ სახელმწიფო დაწესებულებები, რომელიც მათ ისე ემსახურება, როგორც არსად ყოფილ საბჭოთა კავშირში და მსოფლიოს კიდევ უფრო დიდ ნაწილში. პირველი ოქტომბრის არჩევნებმა დაამტკიცა, რომ ქართული დემოკრატია უფრო მეტია, ვიდრე დევიზი და ერთი მმართველი პარტიიდან მეორეზე ხელისუფლების გადაბარების პროცესი ახალი დემოკრატიის ქვეყნებისთვის აწესებს სტანდარტს. რა თქმა უნდა, კვლავ არის პრობლემები და სულელური იქნებოდა განცხადება, რომ საქართველომ მიაღწია მიზანს - გარდაქმნილიყო სრულად დემოკრატიულ, თავისუფალ საზოგადოებად, რომელიც ევრო-ატლანტიკურ სივრცეშია ინტეგრირებული, მაგრამ მთავარი რეაქცია გასული თვის მოვლენებზე აშკარად ძალიან პოზიტიურია. საქართველო და ქართველი ხალხი განაგრძობს ჩვენზე შთაბეჭდილების მოხდენას,`- აცხადებს ერიკ რუბინი.
|