პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება
30.10.12 14:57
მთავარ პროკურატურაში საკადრო ცვლილება ყველა მნიშვნელოვან თანამდებობას შეეხება. მათ შორის, მთავარი პროკურორის მოადგილეებს, დეპარტამენტების ხელმძღვანელებსა და საოლქო პროკურორებს.
რაც შეეხება რაიონულ პროკურორებს, მათ ინდივიდუალურად დანიშნავენ. უწყებაში დაგეგმილ ცვლილებებზე არჩილ კბილაშვილმა ისაუბრა. პოსტზე დამტკიცების შემდეგ პირველი სამუშაო დღე მან მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. მთავარმა პროკურორმა სამუშაო პრიორიტეტებისა და გეგმების შესახებ ისაუბრა.
არჩილ კბილაშვილმა პროკურორებს მოუწოდა საქმეები, რომლებიც არსებითი განხილვის პროცესშია, ორი კვირის განმავლობაში შეაჩერონ.
`ვავალებ ყველა პროკურორს - საქმის არსებითი განხილვა, რომელიც დანიშნულია საერთო სასამართლოში, გადადონ, შეაჩერონ ორი კვირის განმავლობაში. ეს ეხება განაჩენის გამოტანის არდაშვებას და მიზანი არის შემდეგი: ჩვენ ვაპირებთ უკანონო განაჩენების გადასინჯვას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ წლების წინ პირი უკანონოდ იქნა მსჯავრდებული, მას შესაძლებლობა მიეცემა, რომ განცხადების საფუძველზე მისი მსჯავრდების საკითხი გადაისინჯოს,`- განაცხადა კბილაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ორი კვირის განმავლობაში პროკურატურის წარმომადგენლები ხელახლა გადახედავენ ბრალდებებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
|