რკინიგზელთა პროფკავშირები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ
30.10.12 15:21
რკინიგზელთა პროფკავშირის წევრები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ – მათ ბიძინა ივანიშვილთან პირადად სურთ შეხვედრა. მთავარი საკითხი, რომელიც მათ აინტერესებთ, რკინიგზის მმართველის დანიშვნაა.
ისინი აცხადებენ, რომ თავიანთი კანდიდატურა არ ჰყავთ, თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ პრემიერი ისეთ ხელმძღვანელს შეარჩევს, რომელიც, პირველ რიგში, რკინიგზის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
`ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი - რომ ბატონმა ბიძინამ გაითვალისწინოს ჩვენი მოთხოვნა და საქართველოს რკინიგზაზე გამონახოს კვალიფიციური და წესიერი ადამიანი, რომელიც მიხედავს საქართველოს რკინიგზას, და საქართველოს რკინიგზელებს და იქნება ღირსეული ადამიანი და არ იქნება რკინიგზაზე მილიონების საშოვნელად მოსული,`- განაცხადა გია ყრუაშვილმა.
რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენლები აგრეთვე ითხოვენ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას. ისინი აცხადებენ, რომ სამსახურიდან უმიზეზოდ დაითხოვეს.
|