დევნილები რამდენიმე შენობაში შეიჭრნენ
31.10.12 12:39
დევნილებისა და სოციალურად დაუცველი კიდევ 15 ოჯახის წევრები გუშინ, გვიან ღამით ჩიქობავას ქუჩაზე მდებარე შენობაში შეიჭრნენ. ისინიც ხელისუფლებისაგან საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფას ითხოვენ.
როგორც შენობაში შეჭრილი მოქალაქეები აცხადებენ, ისინი უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობენ და არც ბინის ქირის გადახდის შესაძლებლობა აქვთ. ჩიქობავას ქუჩის 29 ნომერში მდებარე სახლი სახელმწიფოს საკუთრებაა და იგი დროებით სარგებლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია `მშობელთა ხიდს` აქვს გადაცემული.
დევნილები შევიდნენ ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაშიც. ნაგებობა კომპანია `ბლოკ-ჯორჯიას`მფლობელობაშია. დევნილების განცხადებით, მათ ქირის გადახდის საშუალება აღარ აქვთ. მფლობელმა კომპანიამ კი უკვე მიმართა სამართალდამცველ სტრუქტურებს საავადმყოფოს შენობების გათავისუფლების მოთხოვნით.
სოციალურად დაუცველმა რამდენიმე ოჯახმა საცდელი საკონსულტაციო ცენტრის შენობის დაკავება სცადა ფოთშიც. მათ ცენტრის დირექტორმა წინააღმდეგობა გაუწია და ტერიტორიაზე არ შეუშვა. სოციალურად დაუცველების განცხადებით, ფართის დასაკავებლად ნებართვა ფოთის საკრებულოს წევრის და ამავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაცია `ქალთა კლუბის` ხელმძღვანელ დარეჯან ცქვიტარიასგან მიიღეს. ადმინისტრაციის განცხადებით, შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.
|