რუსთავის N16 ციხეში არეულობაა
31.10.12 19:12
რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაძაბულობაა. დაწესებულებიდან პატიმრები ადვოკატებსა და ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ადგილზე რთული ვითარებაა. ადვოკატების ინფორმაციით, მსჯავრდებულებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დიდი ნაწილი კარცერებშია გადაყვანილი.
საპატიმროს პერიოდულად ტოვებენ მონიტორინგის ჯგუფები. სასჯელაღსრულების N16 დაწესებულებაში, მთელი დღის განმავლობაში 52 დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მონიტორი იყო შესული.
მონიტორინგის ჯგუფის წევრების თქმით, საპატიმროს ტერიტორიაზე ვითარება უკვე მშვიდი და სტაბილურია. მათ გამოიტანეს სია, რომელსაც, როგორც თავად ამბობენ, 3000 პატიმარი აწერს ხელს. მთავარი მოთხოვნაა - თანამდებობიდან მოიხსნას საპატიმროს დირექტორი ლევან აბურჯანია, რომელიც ორი დღის წინ დაინიშნა.
მონიტორინგის წევრების თქმით, არსებობს ციხის თანამშრომელთა 20-კაციანი სია, რომელთა გათავისუფლებასაც პატიმრები ითხოვენ.
მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელეს. მათი თქმით, პატიმრების მოთხოვნაა ადგილზე მივიდეს სოზარ სუბარი და პატიმრებს გაესაუბროს.
ლევან აბურჯანიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ამავე დროს ჟურნალისტია, გაესაუბრა მას. მისი თქმით, აბურჯანია ამბობს, რომ არეულობა, რომელიც ციხეში მოხდა იყო, ე.წ. მაყურებლების მიერ ინიცირებული და პროვოცირებული. აბურჯანია უარყოფს ბრალდებას მუქარის თაობაზე. ლევან აბურჯანია არ აპირებს კრიმინალურ ავტორიტეტებთან გარიგებას და აცხადებს, რომ არ დაუშვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რაიმე სახის ქურდული მმართველობის აღდგენას.
დაწესებულებასთან შეკრებილი პატიმრების ახლბლები აცხადებენ, რომ მათ ნაკლებად სჯერად დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მონიტორების განცხადებების, რადგან მათ მუდმივი სატელეფონო კონტაქტი აქვთ თავიანთ პატიმრებთან, რომლებიც განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიან.
პატიმრების ოჯახის წევრები დაშლას არ აპირებენ. ისინი ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და იქ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მისვლას დაელოდებიან.
მომხდარის თაობაზე კომენტარი გააკეთა სოზარ სუბარმა. სასჯელაღსრულების მინისტრი აცხადებს, რომ იყო არეულობის მცდელობა, რაც დღესაც გრძელდება.
`სიტუაცია არის ძალიან მარტივი - აქ არიან ე.წ. ავტორიტეტები, როლებსაც ვითომ ებრძოდა ყოფილი ხელისუფლება, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდათ. ამ გავლენების გაგრძელებას აღარ დავუშვებთ. ციხეებს მართავს ადმინისტრაცია და არა სხვა ვინმე. ყველას უფლება იქნება დაცული, მაგრამ იმას არ დავუშვებთ, რომ ციხეებს მართავდნენ ბოროტმოქმედები, ავტორიტეტები და ა.შ. გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მაგრამ იმას არ დავუშვებთ, რომ ადმინისტრაციის ჩანაცვლება ვინმემ სცადოს,`- განაცხადა მინისტრმა.
|