მთავრობის სხდომა აქციების ფონზე გაიმართა
31.10.12 20:43
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის სხდომა სამ საათს გაგრძელდა. ბიუჯეტი, სტიქიისაგან დაზარალებულები, დევნილთა და სოციალურად დაუცველთა საბინაო პრობლემები, - მთავრობამ ამ და კიდევ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა.
მთავრობას უკვე აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველთა და დევნილთა პრობლემებს მოაგვარებს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 46 ობიექტზე 1660 ადამიანია შეჭრილი. აქედან 16 ობიექტზე უკვე შევიდნენ სოცაგენტები, ისინი სპეციალურ ანკეტებს შეავსებენ და სოციალურად დაუცველების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეაგროვებენ.
მომავალი კვირიდან ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს სახელმწიფო ბინის ქირით უზრუნველყოფს.
მთავრობის სხდომა აქციების ფონზე მიმდინარეობდა. დილიდან მთავრობის კანცელარიასთან სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი. ისინი მინისტრთა კაბინეტისაგან სოციალური პირობების გაუმჯობესებას და საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
ამ მოთხოვნით კანცელარიაში დღეს მათ სპეციალური მიმართვაც კი დატოვეს. სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლები მოითხოვენ ახალი კომისიის შექნას, რომელიც მათი პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებს.
|