გაგა გაჩეჩილაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა
02.11.12 13:37
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაგა გაჩეჩილაძეს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გაგა გაჩეჩილაძე პოლიტიკოს ლევან გაჩეჩილაძის შვილია და ის 26 ოქტომბერს თბილისში მდებარე კლუბ `გალერისთან` მომხდარ ინციდენტში მონაწილეობისთვის სამართალდამცველებმა 27 ოქტომბერს დააკავეს. ინციდენტში კლუბის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა.
ბრალდებულს გირაოს გადახდისთანავე გაათავისუფლებენ. ოჯახი კი აცხადებს, რომ თანხას დღესვე დაფარავს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომდევნო სხდომა 24 დეკემბერს არის ჩანიშნული. სხდომაზე ითქვა, რომ სრულად წარმოდგენილი არ იყო ყველა მტკიცებულება, რომლებიც საბოლოო განაჩენის სამართლიანად გამოტანისთვის არის საჭირო. კერძოდ, დაზუსტებული არ არის ექსპერტიზის შედეგები, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.
თავად გაჩეჩილაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, არ იყო საკმარისი დანაშაულის დასამტკიცებლად.
|