მინისტრთა კაბინეტმა საბიუჯეტო ცვლილებები განიხილა
02.11.12 15:04
მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა 2013 წლის ბიუჯეტი, ასევე ცვლილებები არსებულ საფინანსო გეგმაში და კიდევ რამდენიმე საკითხი განიხილა. სხდომის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ბრიფინგი გამართა და სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსების შემცირების შესახებ ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ხარჯებზეც გაამახვილა ყურადღება და მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო კანცელარიაში არსებული საპრეზიდენტო რეზიდენციით სარგებლობისკენ მოუწოდა.
`ჩვენ მკვეთრად შევამცირებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებას, რადგან მის მომსახურებაში ძალიან დიდი ხარჯებია. 800 000 ლარი მხოლოდ პრეზიდენტის სასახლის ელექტროენერგიის გადასახადისთვის გამოიყო. სააკაშვილი, რომელიც ვადას იგრძელებს, ბიუჯეტიდან ამხელა თანხას მოიხმარს. ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, პრეზიდენტის მომსახურებაზე ამხელა ხარჯების გაწევა წარმოუდგენელია. ჯერ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 800 000 ლარი ირიცხება სააკაშვილის მეორე თვითმფრინავის შენახვაზე, პირველი თვითმფრინავის ხარჯები ჯერ ისევ არ გვაქვს გარკვეული,`- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ბევრი შეკითხვა ჩნდება უშიშროების საბჭოს დაფინანსების ირგვლივაც. ირკვევა, რომ უწყების ბიუჯეტი 30 მილიონია, ხოლო იმავე რაოდენობით დაკომპლექტებული კიდევ ერთი უწყების ბიუჯეტი, რომელსაც პაატა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობს, მილიონნახევარს აღწევს.
პრემიერის თქმით, შეჩერდება ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან მერიის დაფინანსება, რომლის უდიდესი ნაწილი `გაურკვეველი პროექტების, დღესასწაულებისა და კონცერტების დაფინანსებას ხმარდებოდა`.
|