11 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა ტარდება
14.10.12 18:08
ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგი წინასწარვეა ცნობილი. ორი კანდიდატიდან აქ უალტერნატივოა კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი ვალერი გელაშვილი, რადგან მისმა კონკურენტმა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” კანდიდატურა გუშინ მოხსნა. მიზეზად სერგო ქიტიაშვილმა ”ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან ფიზიკური ზეწოლა და ძალადობა დაასახელა.
ხაშურის 9-ვე საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა. განმეორებითი კენჭისყრის პროცესი აქ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არ ყოფილა რაიმე სახის დარღვევა. საარჩევნო კომისიაში ამ დრომდე არც საჩივარი შესულა.
მხოლოდ ერთ უბანზე გახდა აუცილებელი განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გორში. შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ მე-4 საარჩევნო უბანზე 1 ოქტომბერს ბიულეტენების გატაცების მცდელობის გამო მიიღო. 1 ოქტომბრის არჩევნმებში ქართული ოცნების” კანდიდატმა მალხაზ ვახტანგაშვილმა კონკურენტს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ტატიშვილს 496 ხმით მოუგო.
ხაშურისა და გორისგან განსხვავებით, კენჭისყრის პროცესს მცირე ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია სიღნაღის მე-13 საარჩევნო ოლქში. სოფელ ვაქირის მე-5 საარჩევნო უბანზე კოალიცია ”ქართული ოცნების” კოორდინატორი მივიდა, რომელმაც ცესკოს ბეჭდიანი სიები მიიტანა და უბანზე არსებული სიების შედარებას ითხოვდა. ინციდენტს მალევე გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისია.
ვაქირის მე-5 უბანზე არჩევნებს დღეს 31-ე საარჩევნო უბნის კომისია ატარებს, რადგან 1 ოქტომბრის კენჭისყრის შემდეგ, ამ უბნის კომისიას უნდობლობა გამოუცხადეს.
11 საარჩევნო უბანზე განმეორებითი არჩევნები 1 ოქტომბერს აღმოჩენილი დარღვევების გამო დაინიშნა. კენჭისყრის პროცესს დღეს ცესკოსა და პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები, ასევე უცხოელი დამკვირვებლები ადევნებდნენ თვალს. ყველა საარჩევნო უბანი საღამოს 8 საათზე დაიხურება.
|