მინისტრები მუშაობას იწყებენ
26.10.12 12:12
ახალი მთავრობა დღეიდან მუშაობას უკვე თბილისში იწყებს. მინისტრთა კაბინეტმა პირველი სხდომა დამტკიცებისთანავე გამართა ქუთაისის მთავრობის სახლში. მათი ნაწილი უწყებებში მისვლას დღესვე აპირებს, ნაწილი კი ორშაბათს.
მინისტრის რანგში ისინი პირველად შეხვდებიან თავიანთი უწყებების თანამშრომლებს. სასჯელაღსრულების სამინისტროში უკვე იმყოფება სოზარ სუბარი. ის შეხვედრებს მართავს, როგორც უწყების თანამშრომლებთან, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პირველი, რაც მან კაბინეტში შესვლისთანავე გააკეთა, იყო ის, რომ მან პრეზიდენტის სურათი ჩამოხსნა.
`ამ ადამიანმა შექმნა ის მახინჯი სისტემა, რომელთან ჩვენ გვიწევს ბრძოლა. დღეს საპატიმრო არის საპატიმრო საპატიმროში. ეს სისტემა უნდა ამოვშანთოთ ჩვენი გონებიდან. ეს ტვირთი უნდა მოვიხსნათ და ამის სიმბოლოებიც გარეთ გავიტანოთ. ისედაც არ მგონია, რომ ნორმალური იყოს, როცა პრეზიდენტის სურათები უკიდიათ ოთახში. არავის სურათის ჩამოკიდებას არ ვაპირებ,`- აღნიშნა სუბარმა.
სასჯელაღსრულების მინისტრი სტრუქტურულ ცვლილებებსაც გეგმავს. სოზარ სუბარი საპატიმროების თანამშრომლების ხელფასების გადახედვასაც აპირებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა მაია ფანჯიკიძეც. საგარეო საქმეთა მინისტრს უწყების ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე დახვდა.
სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრებს მართავს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფნიანი. ცნობილია, რომ მინისტრის ყოფილმა მოადგილეებმა თანამდებობები უკვე დატოვეს, თუმცა ახალი მინისტრი აცხადებს, რომ მას ჯერ არ აქვს გარკვეული, თუ ვინ დაიკავებს მოადგილეების თანამდებობებს. ხვალიდანვე სპორტის მინისტრი სხვადასხვა ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს.
|