ილია ჯაფარიძის ოჯახი სამშობლოში ბრუნდება
23.04.12 12:58
მოსკოვში მოკლული ილია ჯაფარიძის მშობლები რუსეთიდან საქართველოში ბრუნდებიან. ისინი მოსკოვში 27 წელი ცხოვრობდნენ. სამშობლოში დაბრუნება კი შვილის მკვლელობის და უსამართლო გამოძიების შემდეგ გადაწყვიტეს.
მოკლულის ოჯახი აცხადებს, რომ ისინი შეეცდებიან ეს საქმე ბოლომდე იქნეს გამოძიებული და მათი შვილის მკვლელობისთვის ყველა დამნაშავე დაისაჯოს.
ილია ჯაფარიძე ეთნიკური ნიშნით 2009 წელს მოკლეს. მშობლების მტკიცებით, მათ შვილს ასე სასტიკად ეთნიკური წარმომავლობისა და ანტიფაშისტური მოძრაობა "ანტიფას" წევრობის გამო გაუსწორდნენ. მკვლელობაში ეჭვმიტანილს სამუდამო პატიმრობაც ემუქრებოდა. საქმის გადაკვალიფიცირების შემდეგ კი სასჯელი შეუმსუბუქდა და, საბოლოოდ, მას ათი წელი მიუსაჯეს.
მოკლული ილია ჯაფარიძის დედა დარწმუნებულია, რომ საქმეს კვალიფიკაცია შეგნებულად შეუცვალეს იმ მიზნით, რომ ოჯახს ეთნიკური ნიშნით დევნისა და რასიზმის გამო, ეს საქმე ჰააგაში არ გაესაჩივრებინა.
|