სანდრო გრიგოლია თბილისში დააკავეს
03.05.12 10:00
ჰააგაში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი სანდრო გრიგოლია დაკავებულია. 19 წლის ეჭვმიტანილი თბილისში რამდენიმე საათის წინ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჰოლანდიის პოლიციის ოფიციალური საიტი და ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებენ. სანდრო გრიგოლია პოლიციაში თავად გამოცხადდა. ირკვევა, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის.
სანდრო გრიგოლიას ექსტრადიციის დეტალებზე ჰოლანდიელი სამართალდამცველები ქართულ მხარესთან კონსულტაციებს აწარმოებენ. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ის ბელგიის ტერიტორიას აფარებდა თავს.
თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა ჰააგის პოლიციამ გუშინ გაავრცელა. მასალაში ჩანს, რომ 25 აპრილს 10:25-ზე მაღაზიაში გრიგოლია და მისი თანამზრახველი შედიან და გამყიდველთან ერთად არჩევენ ნივთებს. ზუსტად ერთი წუთის შემდეგ კი მძარცველებმა ცეცხლსასროლი იარაღით მუქარით მოითხოვეს ფული და ოქრო. სავარაუდოდ, მალევე გაისროლეს. რამდენიმე ტყვია იუველირს მოხვდა. მაღაზიის 47 წლის მეპატრონე საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.
|