საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რომსა და კიევში
27.05.12 13:43
26 მაისი, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს რომში. ღონისძიება იტალიის დედაქალაქში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. შეიკრიბნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები. მიღებაზე მიწვეული იყვნენ იტალიის ხელისუფლების წევრებიც.
ითქვა, რომ საქართველოსა და იტალიას შორის უკვე 20-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა არსებობს და ქვეყნებს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებთ.
აღინიშნა ისიც, რომ მალე თბილისსა და რომს შორის პირდაპირი ავიარეისებიც დაინიშნება.
საქართველოს დამოუკიდებლოს დღე აღნიშნეს კიევშიც. უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელის“ ორგანიზებით და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, უკრაინის ოფიცერთა სასახლეში კონცერტი გაიმართა. მასში ქართული საკვირაო სკოლის ანამბლები მონაწილეობდნენ.
საგანგებოდ ამ დღისთვის კიევში ქართველი მომღერლები თბილისიდანაც ჩავიდნენ.
ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში - გრიგოლ ქათამაძე და უკრაინის კულტურისა და სპორტის მინისტრიც დაესწრნენ.
|