NDI-მ საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა
16.07.12 17:53
"ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" საზოგადოების განწყობის ამსახველი ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში გასულ თვეს ჩატარდა.
კვლევა მოიცავს მოსახლეობის დამოკიდებულებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ. გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 3/4 გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას.
შეკითხვაზე - "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?" - გამოკითხულთა 75% დადებითად პასუხობს.
ამასთანავე, წინა კვლევების შედეგებთან შედარება უჩვენებს, რომ მოსახლეობის აქტივობა ამ მხრივ სულ უფრო იზრდება. თებერვალში ეს მონაცემი 64%-ს შეადგენდა, გასული წლის სექტემბერში კი 51% იყო.
დოკუმენტში ასახულია ის პოლიტიკური პარტიებიც, რომლებსაც მოსახლეობა ყველაზე მეტად უჭერს მხარს. ამ თვალსაზრისით, კვლავ დიდი უპირატესობით სარგებლობს მმართველი პარტია.
შეკითხვაზე - "ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები?" - გამოკითხულთა 36%-მა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირა მხარი, ხოლო კოალიცია "ქართულ ოცნებას" - 18%-მა; რესპონდენტთა 3% ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას მიემხრო.
|