ანაკლიაში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება
02.09.12 14:18
ერთ თვეში, ანაკლიაში, ახალი გრანდიოზული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება.
შესაბამისი ხელშეკრულება ინდოეთის ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროების ქსელის მფლობელ კომპანიასა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის უკვე გაფორმებულია.
პროექტის დიზაინი ინდოეთის წამყვანი არქიტექტორების მიერ არის შემუშავებული.
მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება და 2014 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. სამუშაო პროცესში ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.
ინვესტიციის საერთო მოცულობა 10 მილიონ დოლარს შეადგენს. დაგეგმილია 54 სასტუმრო ოთახის მშენებლობა, ასევე აიგება 98 კოტეჯი – მათ შორის 8 მდინარე ენგურზე.
კომპლექსის შუაგულში კეთდება „ლაგუნის“ ტიპის ხელოვნური ტბა და სხვადასხვა საცურაო აუზები, ასევე უნიკალური სპა ცენტრი, რესტორნები, ბარები, ღამის კლუბი, ჩოგბურთის კორტები, საბავშვო მოედანი.
აზარტული თამაშებით გატაცებული ვიზიტორებისათვის, აშენდება კაზინო.
ანაკლიაში მსგავსი ტიპის მაშტაბური დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კურორტის განვითარებას და მეტი დამსვენებლის მოზიდვას.
|