პროკურატურა საფრანგეთის მიერ გადმოცემულ მასალას ავრცელებს
25.09.12 17:46
საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთში ქართველი პოლიტიკოსებისა და ქურდული სამყაროს წარმომადგენლების შეხვედრის დამადასტურებელი ვიდეომასალა გამოქვეყნა. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა იგეგმებოდა. ფარნგული ჟანდარმერიის მიერ ქართული მხარისთვის გადმოცემული ინფორმაცია, ვიდეო და დოკუმენტური მასალა პროკურატურამ მედიას გააცნო.
ეს მასალები დღეს საფრანგეთის ეროვნულმა ჟანდარმერიამ ქართულ მხარეს გადასცა. ფრანგი სამართალდამცველების მიერ გადაღებულ ფარულ ჩანაწერებზე ასახულია გოგა ხაინდრავასა და კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრის ფაქტები. ჟანდარმერიის ინფორმაციით, ამ შეხვედრებზე საქართველოში ხელისუფლების დამხობა, ქურდების ქვეყანაში დაბრუნება და მხედრიონის მსგავსი შეიარაღებული ორგანიზაციის შექმნა იგეგმებოდა
გავრცელდა საგანგებო განცხადებაც:
`რამდენიმე კვირის წინ ქართულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიისაგან, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება.
დღეს, 25 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საფრაგეთის სასამართლოს სანქციით, ქართველ სამართალდამცველებს ოფიციალურად გადმოეცა ეს მასალა.
საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომადგენელსა და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას, კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და მხედრიონის მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქართული სამართალდამცველი ორგანოები აწარმოებენ ინტენსიურ გამოძიებას,`- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|