სააკაშვილმა ჰესების მშენებლობა დაათვალიერა
14.04.12 21:56
საქართველოში ერთდროულად რამდენიმე ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს. აქედან ორი მათგანი, - დარიალჰესი და ლარსიჰესი - პრეზიდენტმა დაათვალიერა.
გასულ წელს დაწყებული სამუშაოები 2013–2014 წლებში უნდა დასრულდეს. მშენებლობაზე რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობს. დღეს მათ მიხეილ სააკაშვილიც შეუერთდა. მან გვირაბის მშენებლობაში სიმბოლურად მონაწილეობაც მიიღო.
პროექტში 20 მილიონიანი ინვესტიცია ხორციელდება და წელიწადში 98 მილიონ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ორივე ჰესიდან მიღებული ელექტროენერგია, ზამთარში ადგილობრივ მოთხოვნას დააკამყოფილებს, ზაფხულში კი ექსპორტზე გავა.
ლარსიჰესზე დასაქმებულ მუშებს დღეს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა. უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებია, თუმცა ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში, საწყის ეტაპზე მათ უცხოელი სპეციალისტებიც დაეხმარებიან. ჰესის მშენებლობის დეტალები, მიხეილ სააკაშვილს დღეს ენერგეტიკის მინისტრმა გააცნო.
|