გორში ახალი საავადმყოფო გაიხსნა
11.01.12 19:00
ახალი საავადმყოფო გაიხსნა გორში. კერძო ინვესტიციებით აშენებულ კლინიკაში 30 საწოლია. საავადმყოფო უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი და მრავალპროფილურია. კლინიკაში გასაკუთრებულად გაძლიერებულია რეანიმაციული და ტრავმატოლოგიური განყოფილებები.
ახალი საავადმყოფოს მედპერსონალი მაღალკვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული და იქ 95 სპეციალისტი მუშაობს.
სამედიცინო ცენტრი პრეზიდენტმა გახსნა. მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას შეხვდა და სიტყვით მიმართა.
"ჩვენ ვართ ახლა ისეთივე ეტაპზე, როგორზეც იყო დავით აღმაშენებელი... ის, რაც არის მაშინდელი თბილისი, არის დღევანდელი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. სანამ ის დაიბრუნებდა საქართველოს დედაქალაქს, გაატარა ძალიან ბევრი რეფორმა, ააშენა ძალიან ბევრი რამ. არც ერთ პერიოდში დავითის და თამარის შემდეგ არ აშენებულა საქართველოში იმდენი, რამდენიც აშენდა ბოლო ორი-სამი-ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, ომის შემდეგ;
"დღეს ყველაზე მთავარი - სამართლიანობის განცდა დაბრუნდა. ჯერ არ ვართ მაძღრები, ჯერ არ ვართ ბედნიერები, ჯერ ვართ ნაწილობრივ დაპყრობილები, მაგრამ დღეს არავინ არ გძარცვავთ, არავინ ფულს არ გგლეჯთ, არავინ არ გატერორებთ და არ გაშანტაჟებთ რაღაცით და რაც მთავარია, გაჩნდა სამართლიანობის განცდა;
"დღეს უკვე რუსეთში, ჩვენი დამპყრობლის ქვეყანაში, რომელსაც ოფიციალურ მტრად ვყავართ გამოცხადებული, ის ხალხი, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, საქართველოს სახავს, როგორც მათთვის მისაბაძ მაგალითს. ამაზე მეტი დამცირება რა უნდა იყოს იმისა, ვისაც ეგონა, რომ ჩვენ დამთავრებული ვიყავით. ამიტომ მასზე ჩვენი პასუხი არის მაგრად გაკეთებული გორი, იმიტომ, რომ ეს არის სიმბოლო ჩვენი აღორძინების;
”მეგონა, რომ ის ხალხი, ვინც გვძარცვავდა, გვყვლეფდა, გამქრალი იყო ჩემი მეხსიერებიდან, მოვიშორე, გვერდზე გავწიე. ახლა ვიღაცამ ყველანი ამოქექა საიდანღაც, ყველანი ერთად შეკრიბა. ცოტათი დაბერებულან კიდევაც, გამხდარან, იმიტომ, რომ ვეღარ ხრავენ ისე, როგორც ხრავდნენ; კიდევ უფრო გაბოროტებულან, რადგან ამდენი წელია უყურებენ, რომ ქვეყნის საქმეები წინ მიდის და მათი საქმე სულ უფრო უკან მიდის; ახლა ყველა ერთად შეიკრიბა, მოდი, დავილაშქროთ და კიდევ ერთხელ შევუტიოთ, იქნებ კართაგენი დაეცეს და ჩვენი დრო ისევ დადგესო”, - განაცხადა სააკაშვილმა.
|