დედოფლისწყაროსთან ბიძგები განმეორდა
07.05.12 19:01
დედოფლისწყაროდან 50 კილომეტრზე განმეორებითი ბიძგები აღინიშნა. როგორც სეისმოლოგები ამბობენ, მისი სიმძლავრე 4.9 მაგნიტუდა იყო.
ეპიცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო. სეისმოლოგების თქმით, განმეორებითი ბიძგები მიწისძვრის თანმდევი პროცესია, თუმცა მათი სიმძლავრე იკლებს და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ძლიერი მიწისძვრა საქართველოში დღეს დილით, თბილისის დროით 08:40-ზე მოხდა. ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 40 კილომეტრის დაშორებით იყო.
ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა. პირველი ბიძგის შემდეგ რამდენიმე საშუალო და მცირე სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.
საქართველოში ყველაზე ძლიერად მიწისძვრა დედოფლისწყაროს რაიონში იგრძნობოდა.
მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია, თუმცა დედოფლისწყაროს სოფლებში ავარიულ სახლებს ბზარები გაუჩნდა.
მიწისძვრა იგრძნობოდა დედაქალაქშიც. თბილისში, ბუხაიძისა და მეტეხის ქუჩაზე ორ ავარიულ ბინაში კედლები დაიბზარა.
|