ავთანდილ ლიპარტელიანი ოსლოში ჩავიდა
09.05.12 15:56
ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტის დროს მოკლული თამთა ლიპარტელიანის მამა ოსლოში იმყოფება. აეროპორტში მას ადვოკატი და თარჯიმანი დახვდნენ. ავთანდილ ლიპარტელიანი ანდერს ბრეივიკის სასამართლოზე ჩვენებას მისცემს. მას უკვე მომზადებული აქვს მიმართვა, რომელსაც პროცესზე წაიკითხავს და 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ნორვეგიელი ტერორისტისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.
სხდომა მედიისთვის დახურულია. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პირდაპირ ეთერში არ გაშუქდება არც ტერაქტის დროს დაშავებულთა დაკითხვა. თამთა ლიპარტელიანის მკვლელობის საქმეზე მოსმენა 11 მაისს არის ჩანიშნული. ბრეივიკის სასამართლო პროცესი სამი დღის წინ განახლდა.
ბრეივიკი აღიარებს 77 ადამიანის მკვლელობას ორი ტერაქტის შედეგად, რომელიც გასული წლის ივლისში ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე ჩაიდინა, თუმცა თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ის თავდაცვის მიზნით მოქმედებდა.
|