გამოცდების ცენტრის 60-მა თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა
29.05.12 14:16
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის 60-მდე თანამშრომელმა სამსახური დატოვა - ეს განცხადება მათ დღეს პრესკონფერენციაზე გაავრცელეს. ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ განათლების მინისტრის გადაწყვეტილება მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მათთვის მიუღებელია.
დღეს პრესკონფერენციაზე მათ ასევე განმარტეს, რომ საგამოცდო პროცესს საფრთხე არ შეექმნება და სპეციალისტები ერთი თვის განმავლობაში სრულად გადააბარებენ თავის უფლება-მოვალეობებს შემცვლელ თანამშრომლებს.
`მაია მიმინოშვილი შესანიშნავად უძღვებოდა გამოცდების ეროვნულ ცენტრს დღიდან მისი დაარსებისა, 2002 წლიდან. გაგებით ვეკიდებით, თუმცა არ ვეთანხმებით მის სურვილს გავაგრძელოთ მუშაობა ახალ პირობებში. მომავალ გამოცდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ შედეგზე პერსონალური პასუხისმგებლობა თავად განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა იკისრა. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამოსაშვები გამოცდების პროცესი არ შეფერხდეს, თუმცა აქვე უნდა გავიმეოროთ, რომ ცენტრის თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად უკვე დაწერეს განცხადებები თანამდებობიდან წასვლის შესახებ,` - განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელმა კახა ჯამბურიამ.
მაია მიმინოშვილი, განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს.
|