ლიპარტელიანი სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება
10.05.12 20:48
ავთანდილ ლიპარტელიანს უკვე მომზადებული აქვს სიტყვა, რომლითაც ხვალ ნორვეგიის სასამრთლოს მიმართავს და 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.
თამთა ლიპარტელიანის მამა დღევანდელ პროცესსაც დაესწრო. ავთანდილ ლიპატელინი დღესვე გაეცნო ექსპეტიზის დასკვნას და სასამართლოში თავისი მოთხოვნებით წერილიც შეიტანა.
ჩვენებას თამთა ლიპარტელიანის მეგობარი ნათია ჩხეტიანიც მისცემს. უტოიას ტერაქტის უშუალო თვითმხილველი ანდრეს ბრეივიკის ტყვიას ათი თვის წინ შემთხვევით გადაურჩა. პროცესზე დასწრებამდე ქართველმა გოგონამ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი გაიარა. ნათია ჩხეტიანთან ერთად, მოსამართლეები უტოიას ტერაქტს გადარჩენილ ყველა ახალგაზრდას მოუსმენენ.
დღეს დილიდან ოსლოში დაზარალებულებისა და მათი ოჯახების წევრების დაკითხვა დაიწყო. მათ გამოსვლებს ანდერს ბრეივიკიც ესწრება. სასამართლოს შენობის გარეთ კი არ წყდება იმ ხალხის ნაკადი, რომლებიც ერთი წლის წინ მომხდარი საშინელი ტრაგედიის დროს დაღუპულებს მიაგებენ პატივს. ხვალ უკვე სასამართლო თამთა ლიპარტელიანის მკვლელობის ეპიზოდს განიხილავს.
სასამართლოზე დღეს სიტყვა ტერაქტში გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ნაწილთან ერთად, უშუალო თვითმხილველებსაც მიეცათ. ყველა მათგანმა დღეს სასამართლოს წინაშე თავისი ამბავი და ტერაქტის დეტალები გაიხსენა. ანდერს ბრეივიკისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები და ადვოკატები სასჯელის უმაღლეს ზომას და მის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ.
ანდერს ბრეივიკის გახმაურებული პროცესი ოსლოში თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. სასამართლოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული და ყველა სხდომა დახურულია.
საზარელ ტერაქტს რიგითი ნორვეგიელები დღემდე ვერ ივიწყებენ. სამართლოს შენობასთან ხალხი ყოველდღე, დილიდან იკრიბება.
სასამართლო სხდომები ბოლო წლების ყველაზე სასტიკ საქმეზე ყოველდღიურად იმართება. მოწმეებისა და დაზარალებულების მოსმენის შემდეგ, ოსლოს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ტრაგედიიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 22 ივლისს მიიღებს.
|