`სი-ენ-ენის` გადაცემა საქართველოში ბრუნდება
11.06.12 15:29
ერთი წლის შემდეგ, "სი-ენ-ენის" პოპულარული გადაცემა ”აი ონ ჯორჯია” ისევ საქართველოში ბრუნდება. ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ამერიკული ტელეარხის მრავალ მილიონიანი მაყურებელი საქართველს უფრო ახლოს გაიცნობს.
პირველ გადაცემაში ჟურნალისტი პაულა ნიუტონი ბათუმიდან ჩაერთო. მისი თქმით, ქალაქი ტურისტული და საინვესტიციო ცენტრი გახდა. ის ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ მიუხედავად კვირადღისა, ქალაქში არ წყდება სამშენებლო პროცესი და ათობით ახალი ობიექტი შენების პროცესშია.
ჟურნალისტი ამბობს, რომ საქართველომ რუსეთისგან ეკონომიკური და ენერგოდამოუკიდებლობა მოიპოვა, თუმცა დღეს მას მაინც სურს რუსი ტურისტების ხილვა და ასევე ღიაა რუსული ინვესტიციებისთვის.
პაულა ნიუტონი მაყურებელს ჰპირდება, რომ ერთი კვირის განმავლობაში ბევრ ისეთ რამეს აჩვენებს ბათუმის შესახებ, რაც ქალაქზე საბჭოურ წარმოდგენას დაანგრევს.
|