დავით საყვარელიძემ მალაიზიელი კოლეგა საქართველოში დაპატიჟა
04.04.12 12:15
დარეჯან კოხტაშვილის და ბაბუცა გორდაძის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაციის წევრები მალაიზიის ხელისუფლებასთან შეხვედრებს მართავენ. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება. მანამდე კი პროკურორის პირველი მოადგილე მალაიზიელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრა დახურული იყო და მალაიზიის სახელმწიფო ბრალმდებელს ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. დავით საყვარელიძის განცხადებით, მან მადლობა გადაუხადა კოლეგას და საქართველოში დაპატიჟა გატარებული რეფორმების გასაცნობად.
`რაც მთავარია, შედეგი მიღწეულია და საქართველოს ორ მოქალაქეს არ ელის სიკვდილით დასჯა და მათ აქვთ მინიმალური სასჯელი, რაც შეიძლებოდა, წარმოგვედგინა,`- განაცხადა შეხვედრის შემდეგ დავით საყვარელიძემ.
დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე ამ დროისთვის ქვეყნის სხვადასხვა კუნძულზე იხდიან სასჯელს. განაჩენის ათვლა დაწყებულია და ისინი მალაიზიის ციხეში მინიმუმ 4 წელს გაატარებენ.
საქართველოს ორი მოქალაქე ნარკოტრაფიკის ბრალდებით 2010 წლის ოქტომბერში დააკავეს და მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ. საქართველოს ხელისუფლება აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა და თანამშრომლობდა მალაიზიურ მხარესთან, რამაც შედეგი გამოიღო და ორი ქართველი სიკვდილით დასჯას გადაურჩა.
|