ალასანიას მორიგი ბრალდება
04.05.12 20:12
ირაკლი ალასანიას მორიგი ბრალდება. ის აცხადებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ზუგდიდში ხელისუფლებამ თავად დადო და ეს საგაგნგებოდ დღევანდელ დღეს დააამთხვია. "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ეს განცხადება ზუგდიდში, ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"იმ გამოცდილებით, რაც აქვს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ ახალაიას; იმ გამოცდიელბით, რაც არსებობს სამეგრელოსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, როგორითაც ხელმძღვანელობს და მართლმსაჯულებას ეხმარება ბატონი მეორე ახალაია, რომელიც არის პროკურორი, როგორც საჯარო მოხელეები ძველად დებდნენ ნაღმებს და შემდეგ პოულობდნენ და აბრალებდნენ სხვას და სხვას, დღესაც ეს დაამთხვიეს კონკრეტულად ჩემი ჩამოსვლის დღეს, მაგრამ თქვენ ნახეთ, ვერც ერთი ბომბი, რომელიც დაიდება და აღმოჩენილი იქნება, ვერ შეაჩერებს თავისუფლებისაკენ სწრაფვას," - განაცხადა ალასანიამ.
ივანიშვილის კოალიციის ამ ბრალდებებს დღეს სხვა ოპოზიციური პარტიებიც გამოეხმაურნენ.
"მე მაინც ვხედავ ჯაჭვს დაწყებული იქიდან, რომ ზუგდიდი უნდათ აქციონ ჰომსად, დღევანდელი ფაქტი, რაც მოხდა ზუგდიდიში, - ყველაფერი რაღაც ერთი მოქმედების ერთი რგოლია და მთელი ჯაჭვის. ეს არის რუსულ ინტერესებში და ალასანია რამდენად ზის ამ რუსული თამაშის გეგმაში, ეს ალასანიას პრობლემებია. ყოველ შემთხვევაში, მისი განცხადებები, ფაქტია, რომ ამ ყველაფერს ხელს უწყობს," - განაცხადა "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ.
"ძალიან სერიოზული თემაა, ძალიან მგრძნობიარე თემაა და მე ყველას მოვუწოდებ - ოპოზიციის წრმომადგენლებსაც, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, ცალკეულ პოლიტიკოსებსაც - მოდით, სანამ ასეთი ტიპის განცხადებებს გავაკეთებთ, დავფიქრდეთ, ყველაფერი ავწონ-დავწონოთ, გავზომოთ და მხოლოდ შემდგომ გავაკეთოთ განცხადებები," - განაცხადა პარტია “ახალი მემარჯვენეების” წევრმა მანანა ნაჭყებიამ.
|