ევროპარლამენტარი სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებაზე
04.05.12 20:43
ევროპასა და ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებისაკენ მოუწოდებენ. განცხადება ევროპარლამენტის წევრმა, პოლონელი პოლიტიკოსმა ზბიგნევ ჟიობრომ გააკეთა. მიზეზად პოლონელი პოლიტიკოსი რუსეთის არადემოკრატიულობასა და კრემლის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ასახელებს.
ზბიგნევ ჟიობორო მიიჩნევს, რომ ევროპამ ორმაგი სტანდარტებით არ უნდა იმოქმედოს და უკრაინის გარდა, დემოკრატიისა და თავისუფლების უფლებები საქართველოსთან მიმართებითაც აქტიურად უნდა დაიცვას.
"მინდა პირდაპირ მივმართო გერმანელ პოლიტიკოსებს, კანცლერ მერკელს და ევროკომისიის პრეზიდენტს ბაროზუს, აპირებენ თუ არა ისინი სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირებას. ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთს, გარდა იმისა, რომ არადემოკრატიულობის გამო ადანაშაულებენ, ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების ერთი მესამედი. ოლიმპიური თამაშები კი ტარდება იმ ტერიტორიების ახლოს, სადაც, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ტრაგიკული მოვლენები მოხდა," - განაცხადა მან.
ევროპის მხრიდან ბოიკოტი რუსეთში გასამართავ ოლიმპიური თამაშებს ერთხელ უკვე მოჰყვა. 1980 წელს ცივილიზებულმა მსოფლიომ ავღანეთში რუსეთის შეჭრა გააპროტესტა. ევროპული ქვეყნების უმრავლესობამ მოსკოვში სპორტსმენები არ გაგზავნა.
|