23 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09.04.12 10:00
23 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან მისი გამოსვლის მოთხოვნით გამოსვლები 1989 წლის 4 აპრილს დაიწყო. ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის აქცია დარბევამდე გრძელდებოდა. 1989 წლის 9 აპრილს კი თბილისში, დილის ოთხ საათზე, რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მიტინგი სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და დღემდე დაუდგენელი ქიმიური გაზის გამოყენებით დაარბია. დამსჯელ რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. მიტინგის დაშლისას ადგილზე 16 ადამიანი დაიღუპა. მომდევნო დღეებში კი, მიღებული ტრავმების შედეგად, კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. ტრაგედიის მე-20 მსხვერპლი - გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის დროს რუსმა სამხედრომ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. დაღუპულთაგან 16 ქალი იყო. მოსალოდნელი დარბევის შესახებ დემონსტრანტები სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გააფრთხილა და დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა მათ პატრიარქის მოწოდება არ გაიზიარეს. 9 აპრილის აქციაში ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა.
1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად ხალხმა პარლამენტთან შეკრება შუაღამის 12 საათიდან დაიწყო. მათ მემორიალთან სანთლები დაანთეს და მაშინდელი მოვლენები გაიხსენეს.
9 აპრილის მემორიალთან დილიდან პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან – ისინი 1989 წელს მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ და მათ პატივს მიაგებენ. უკვე რამდენიმე საათია პარლამენტის შენობასთან ხალხის ნაკადი არ წყდება.
|