წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად დედაქალაქის საკრებულო ბიუჯეტს ცვლის. სახსრების ნაწილი სპეციალურ დახმარების ფონდში უნდა გადაირიცხოს. დღევანდელი განხილვა საკრებულოში ხმაურით მიმდინარეობდა. ცვლილებების პროექტი ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს და კონკრეტული ხარჯთაღრიცხვის წარდგენა მოითხოვეს.
პროექტის ავტორმა პაატა გობეჯიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ 3 მილიონი ლარი მოხმარდება სტიქიით დაზარალებული ოჯახების ქირით გაყვანას და მათი დანგრეული სახლების აღდგენას. მისი თქმით, თანხების განკარგვაზე რაიონული გამგეობების ხელმძღვანელები იზრუნებენ.
უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე 26 მაისს თბილისში მომხდარ ინციდენტზე ლაპარაკობს და პოლიციის მაღალჩინოსანს 18 წლის ახალგაზრდის განზრახ დაჭრაში სდებს ბრალს. ფაქტს შსს-შიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ბრალდებული დაკავებულია.
პროკურორები, რომლებიც ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და ციხის სკანდალის საქმეებზე მუშაობდნენ, დაწინაურდნენ. ლეონიდ გერგედავა და გელა პეტრიაშვილი ისანი-სამგორისა და ჩუღურეთის რაიონულ პროკურორებად დაინიშნენ.
პარტია `თავისუფალი საქართველოს`ლიდერი პრემიერს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს. კახა კუკავას პოლიტიკური პარტიის წევრები მზად არიან განიხილონ ბიძინა ივანიშვილთან ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მათი შეხედულებები.
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა მეორე მოსმენით უნდა უყარონ კენჭი. ცნობილია, რომ კანონპროექტს არა მარტო საპარლამენტო უმცირესობა, არამედ უმრავლესობის ნაწილიც არ უჭერს მხარს.
6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 65 წლის მამაკაცს, რომელსაც ბრალად 3 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების შემდეგ გამოიტანა.
ვერტმფრენების კომპანია ”თუშეთის” მფლობელის ზაურ ქორთოშიძის ოჯახის ახლობლები იმის შესაძლებლობასაც კი გამორიცხავენ, რომ ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებული მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი ქორთოშიძეების სახლში ცხოვრობდნენ.