მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს საფუძველი დღეს ეყრება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მახათაზე პარაკლისს გადაიხდის, რის შემდეგაც ტაძრის საკურთხევლის ადგილზე პირველ მიწას ამოიღებს. სპეციალურად ამ დღისთვის, პატრიარქის კურთხევით, დაიწერა ანგია წინასწარმეტყველის ხატი, რომელიც მშენებლობის მფარველად მიიჩნევა. ტაძარს საზოგადოება და ემიგრაციაში მყოფი ქართველები ერთად აშენებენ.
გაეროს რეზოლუციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს წარმომადგენელთან შეხვედრისას. მიხეილ სააკაშვილმა გაეროს სპეციალური მომხსენებელი, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა დაცვის საკითხებში ჩალოკა ბეიანი მიიღო.
ავღანეთში დაღუპულ შვიდ ქართველ ჯარისკაცს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამგლოვიარო ცერემონიალი გორისა და მცხეთის რაიონებში, ასევე რუსთავში, ყვარელსა და მარტყოფში გაიმართება, სადაც დაღუპული ბიჭების ოჯახები ცხოვრობენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორის ვინაობა 16 აგვისტოს გაირკვევა. აკადემიური საბჭოს დადგენილებით, ამ თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გუშინ გამოცხადდა.
დემოკრატიული მოძრაობა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მუშაობას იწყებს. პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგლა ბარამიძე წარადგინა. მისი თქმით, ბარამიძე საპრეზიდენტო საარჩევნო შტაბსაც უხელმძღვანელებს.
საკვებით მოწამლული ჯარისკაცები სამხედრო სამსახურს უბრუნდებიან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ ქუთაისის მე-3 ბრიგადაში საკვებმა 11 ჯარისკაცი მოწამლა.