მერიის თავშესაფრებში 20 მოქალაქე იმყოფება
15.02.12 11:54
ყინვის გამო წუხელ თბილისის საავადმყოფოებში 32 პაციენტი მოათავსეს. მათგან 30-ს მოტეხილობა აქვს. ორი მამაკაცი კი რეგიონებიდან მოყინულობის დიაგნოზით ჩამოიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის განცხადებით, სხვადასხვა სირთულისა და კატეგორიის მოტეხილობები მოქალაქეებმა ყინულზე დაცემით მიიღეს.
მოყინულობით ჰოსპიტალიზებული მამაკაცები კი ხარაგაულიდან და ჩუმათელეთიდან არიან, მათი მდგომარეობა მძიმეა. წელს კლინიკაში სხეულის მოყინვითა და გადაციებით სულ 12 პაციენტია მოთავსებული. ოფიციალური ინფორმაციით, მათგან 2 გარდაიცვალა. ეს შემთხვევები რამდენიმე კვირის წინ მოხდა.
ბოლო დღეების განმავლობაში კი დედაქალაქში სხეულის მოყინვის არც ერთი შემთხვევა აღარ ყოფილა. მერიის მიერ გახსნილი თავშესაფრებით უკვე 20-მდე მოქალაქე სარგებლობს. აქ მათ სითბოში ღამის გათევასთან ერთად, უფასო საკვებსაც სთავაზობენ. განსაკუთრებით ბევრი ადამიანი თავშესაფრებში წუხელ მივიდა და ისინი ფაქტობრივად გადაურჩნენ მოყინვას. მერიის კიდევ ერთი პროგრამა ყინულზე დაცემით მიღებული ტრავმების მკურნალობის დაფინანსებასაც გულისხმობს.
|